სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე პროფესორ რევაზ სტურუას სახელობის აუდიტორია გაიხსნა

სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე პროფესორ რევაზ სტურუას სახელობის აუდიტორია გაიხსნა

20-06-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორისა და პოეტის - რევაზ სტურუას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

312-ე აუდიტორიისთვის რევაზ სტურუას სახელის მინიჭების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ბიძინა სონღულაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, რევაზ სტურუას ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძემ ისაუბრა რევაზ სტურუას სამეცნიერო მიღწევებზე და სამთო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ. მისი თქმით, რევაზ სტურუა არის 150-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის, 28 გამოგონების, 3 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოს ავტორი.

„მრეწველობის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი სამთო-გეოლოგიური მიმართულებაა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი წვლილი შეიტანა დარგის განვითარებაში. ჩვენი უნივერსიტეტი დღემდე ერთადერთია, სადაც უნივერსიტეტის დაარსების დღიდან, სამთო-გეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა შეისწავლება. უნივერსიტეტი და ფაკულტეტი 101 წლისაა, აქედან 55 წლის მანძილზე, რეზო სტურუა სწორედ აქ, ამ უნივერსიტეტში და ამ ფაკულტეტზე მოღვაწეობდა. რევაზ სტურუას ხელმძღვანელობით შექმნილია მთელი რიგი სამეცნიერო მიმართულებები, რომლის მიზანია მყარი სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ახალი ტექნოლოგიების შექმნა და არსებული ტექნოლოგიური სქემების სრულყოფა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულია მრავალმხრივი კომპლექსური კვლევები საქართველოს წიაღისეულ საბადოთა მანგანუმის, ბარიტშემცველი, პოლიმეტალური, თუთიის, ოქროსშემცველი მადნების, ნახშირების, კვარციტების გამდიდრების კომბინირებული მეთოდების და რაციონალური ტექნოლოგიური სქემების შემუშავების მიმართულებით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რევაზ სტურუას სახელის უკვდავსაყოფად, 312-ე აუდიტორიისათვის მისი სახელის მინიჭებისთვის და წარმატება მინდა ვუსურვო ფაკულტეტს, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ღონისძიებაზე რევაზ სტურუას, როგორც მეცნიერისა და პოეტის მოღვაწეობაზე ისაუბრეს ბიძინა სონღულაშვილმა, სოლომონ პავლიაშვილმა, სტუ-ის პროფესორმა გოგი სალუქვაძემ, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა,  პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ, პროფესორმა ალექსანდრე ბეჟანიშვილმა, გაერთიანებული სასწავლო-საკვლევი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა იური ჯანიაშვილმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ. საღამოს დასასრულ უნივერსიტეტს და შეკრებილ საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა რევაზ სტურუას ვაჟმა ვანო სტურუამ. 

რევაზ სტურუა იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის, რუსეთის სამთო აკადემიის, რუსეთის საინჟინრო აკადემიის, ინფორმატიკის საერთაშორისო აკადემიის, აშშ-ის სამეცნიერო კვლევითი საზოგადოების  -  ,,სიგმა X“, ევროპის მეცნიერებათა აკადემიისა და ხელოვნების აკადემიის წევრი, სამეცნიერო ანალიტიკური ,,სამთო ჟურნალის“ დამფუძნებელი და გამომცემელი. ის სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტი, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის რედკოლეგიის წევრი. წლების განმავლობაში რევაზ სტურუა ხელმძღვანელობდა სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრას, იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების დარგში (1988-1991), ხოლო 1991-დან 2004 წლამდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი პრორექტორი.


რევაზ სტურუა დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნით“ (1988) და ღირსების ორდენით (1998), ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაწეული პედაგოგიური, სამეცნიერო და ორგანიზაციული საქმიანობისათვის სტუ-ის უმაღლესი ჯილდოთი - გიორგი ნიკოლაძის მედლით.

აქტიურ მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად, გამოცემულია რევაზ სტურუას რამდენიმე პოეტური კრებული. მათ შორის კრებულს - ,,ლექსები“ მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის, ხოლო კრებულს - ,,გაღმა სოფელში ასკილი ყვავის“ - აკაკი წერეთლის ლიტერატურული პრემიები.

 

 

სიახლეებში დაბრუნება