სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლანჯოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ იან ჩუნჰუას შეხვდა

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ლანჯოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ იან ჩუნჰუას შეხვდა

22-06-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ იან ჩუნჰუასა და ჩინური უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა იან ჩუნჰუამ მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტის ხელმოწერამდე, დავით გურგენიძემ და იან ჩუნჰუამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლანჯოუს უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის მეტად გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამავდროულად, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის ეფექტიანისაშუალება გახდება. 

სტუ-ის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორცლიდერი სამხრეთ კავკასიის რეგიონში საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით,დაკავებულია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებით, ასევე, აქტიურადმონაწილეობს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე ყველაგლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტში. როგორც რექტორმა აღნიშნა, სტუ-ს სამეცნიერო კოლაბორაცია ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან აკავშირებს, რაც თანამშრომლობის მემორანდუმებითაა გამყარებული.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, უდავოდ, საინტერესო და მნიშვნელოვანია მრავალმხრივი კოლაბორაცია ჩინეთის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტთან, რომლის კვლევების მიმართულებებია ბირთვული და თეორიული ფიზიკა, ორგანული და არაორგანული ქიმია, ბიომედიცინა, ეკოლოგია, აგროეკოლოგია, გარემოს დაცვა, სოციოლოგია და ეკონომიკა.ამავდროულად, ჩვენს უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზაუახლესი ლაბორატორიების სახით, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი და მოტივირებული ახალგაზრდა მკვლევრები. ეს მოცემულობა შეგვიძლია საერთო მიზნებისთვის გამოვიყენოთ, რადგან სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ორი უნივერსიტეტის სამომავლო და წარმატებული კოლაბორაციისთვის. ვფიქრობთ, თანამშრომლობა, რომელსაც ურთიერთგაგების მემორანდუმი დაარეგულირებს, ჩვენი ორი უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის გაღრმავება-გაფართოების მნიშვნელოვანი მდგენელი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სამომავლო მდგრადობის გარანტი გახდება. ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები მრავალ ერთობლივ სამეცნიერო პროექტზე ვიმუშავებთ და მოხარული ვიქნებით, თუ სამეცნიერო ბაზა ამ პროექტებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება. ერთ-ერთ ასეთ პროექტად ჩვენს უნივერსიტეტში კონფუცის ცენტრის ჩამოყალიბება გვესახება, რომელიც ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელ ფუნქციასაც იტვირთებს და რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ჩინეთის კვლევების საუნივერსიტეტო ცენტრთან, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის სხვა სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან. მთავარია, ორი უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ინოვაციების ერთობლივად დანერგვა და სიახლის შექმნაშეძლონ. ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა. ეს არის გეზი ახალი ტექნოლოგიებისკენ, რაშიც ჩინეთი დიდ წარმატებებს აღწევს. მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო არჩევანია ჩვენი ქვეყნის პირობებშიც, რაც კიდევ უფრო მეტად განავითარებს აღმავლობის გზაზე მდგომი საქართველოს ეკონომიკას“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც ლანჯოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა იან ჩუნჰუამ აღნიშნა, ჩინეთის მხარე ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფართო ფორმატის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც დიდი როლი ენიჭება საქართველოს განათლების სისტემასა და მეცნიერების განვითარებაში. მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალმხრივს გახდის.

„დაინტერესებული ვართ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების ყველა ფაკულტეტიდა საგანმანათლებლო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დარგების ერთობლივად განვითარება დადებითი შედეგის მომტანი იქნება ორივე უნივერსიტეტისა და ორივე ქვეყნისთვის. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლანჯოუს უნივერსიტეტს შორის დარგობრივი კუთხით, გაცვლითი პროგრამები ავამუშაოთ, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, მკვლევართა და აკადემიური პერსონალისთვის. რაც მთავარია, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელება ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. ვფიქრობთ, შესანიშნავი დასაწყისია ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობისთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით რექტორს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, - განაცხადა იან ჩუნჰუამ.

შეხვედრასა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი,  სენატის სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, უნიევრსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები,ჩინეთის კვლევების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები; ასევე, ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტის დელეგაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დირექტორი ჩი განგი,ეკოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ლონგ რუიჯუნი, კონფუცის ცენტრის დირექტორი ვენგგანგ სიანგი, საერთაშორისო კულტურათა გაცვლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლი ჩუნლინი, მულტიკულტურული ენების ცენტრის დირექტორიდინგ შუქინი. 

 

სიახლეებში დაბრუნება