სტუ და კსუ ერთობლივ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალს გამოსცემენ

სტუ და კსუ ერთობლივ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალს გამოსცემენ

22-06-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობამემორანდუმის ხელმოწერით გაამყარეს. 

დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და სტუდენტები,ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის - „სოციოპოლიტოლოგოსი“ ერთობლივად გამოცემა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი ტრადიციების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულება, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დამოუკიდებელი საქართველოსსაგანმანათლებლო სივრცეში, კერძო სექტორის ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია. ამდენად, ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ მემორანდუმს დიდი დატვირთვა აქვს, როგორც ერთობლივი კოლოკვიუმების, სემინარების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სტაჟირებების ორგანიზების მიმართულებით, აგრეთვე, კვლევის მეთოდების სრულყოფა-განვითარების პრობლემურ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მუშაობის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის გამოცემა, რაც კიდევ მეტად აამაღლებს ჩვენი სამეცნიერო მიღწევების ცნობადობას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში აპრობირებული პრაქტიკაა. მისი თქმით, ერთ-ერთი უმსხვილესი და დიდი ტრადიციების მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და წარმატებული კერძო უმაღლესი სასწავლებელის - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძალისხმევის გაერთიანება მრავალმხრივ დადებითი შედეგის მომტანი იქნება, ხოლო ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა კი პირველ რიგში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო განვითარებას წაადგება.

საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის - „სოციოპოლიტოლოგოსი“ ერთობლივად გამოცემის მიზნით, პარიტეტის პრინციპით, უნივერსიტეტების რექტორების წარდგენების საფუძველზე, შეიქმნება ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შემადგენლობით. მემორანდუმი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის სტატიების გამოქვეყნებაზე თანაბარ უფლებებს უზრუნველყოფს.

 

სიახლეებში დაბრუნება