სტუ-ის ბაზაზე, იულიხის კვლევით ცენტრთან კოლაბორაციით, ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART ლაბორატორია ამოქმედდება

სტუ-ის ბაზაზე, იულიხის კვლევით ცენტრთან კოლაბორაციით, ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART ლაბორატორია ამოქმედდება

29-06-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე, საერთაშორისო კოლაბორაცია „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში, ფუნქციონირებას დაიწყებს ინტერდისციპლინური ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორია (Biomedical Imaging SMART|Lab), რომლის ძირითადი კონცეფცია უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობასა და ქართულ საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში მათ ჩართვას ეფუძნება.

ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, სტუ-ის რექტორის მრჩევლები - კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ზვიად წამალაიძე და პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ფაკულტეტის მენეჯერი ზაზა ბუაჩიძე, ასევე, SMART|Lab-ის მეცნიერები და მკვლევრები - სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი აკაკი გიგინეიშვილი და აკადემიური პერსონალი შეხვდნენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის დელეგაციას: „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ სპიკერს, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტ INM-4-ის დირექტორს, პროფესორ ჯონ შას, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერს, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორს, ანდრო კაჭარავას, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტ INM-5-ის დირექტორს, პროფესორ ბერნტ ნოინმაიერს, ენერგიისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტ IEK-8-ს დირექტორს, პროფესორ ანდრეას ვანერს, დარმშტადტში ჰელმჰოლცის ცენტრის (GSI) პროფესორს, ირაკლი ქეშელაშვილს და აახენის უნივერსიტეტის პროფესორს, ახიმ შტალს.


როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორიის გახსნა გაამყარებს სამეცნიერო ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას, სტუ-სა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც აკადემიური პესრონალისთვის, ასევე, ახალგაზრდა მკველევრებისთვის.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გერმანიის არაერთ წარმატებულ უნივერსიტეტთან და სამეცნიერო ცენტრთან აკავშირებს მრავალწლიანი თანამშრომლობა, როგორც გაცვლითი პროგრამების, ასევე კვლევითი მიმართულებით. SMART|Lab-ის უნივერსიტეტის ბაზაზე გახსნა, კიდევ უფრო გააღრმავებს გერმანიასთან ჩვენს კავშირს და რაც მთავარია, ეს იქნება სტუდენტებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სამეცნიერო ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევებში, დაბრუნდნენ საქართველოში და ცოდნა უნივერსიტეტისა და საქართველოს წარმატებისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, SMART|Lab-ის ძირითადი კონცეფცია ეფუძნება უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას, მათ ჩართვას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-კვლევით საქმიანობაში, რაც მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავების, სტუდენტთა ხელშეწყობისა და ახალი სამეცნიერო პროექტების ინიცირების საფუძველი გახდება. თამარ ლომინაძის თქმით, SMART|Lab-ის ერთ-ერთი დანიშნულება ქუთაისში ჰადრონული თერაპიის ცენტრის (HTC) მშენებლობისთვის სამეცნიერო-ტექნიკური კონსულტაციის გაწევაა. როგორც დეკანმა აღნიშნა, სტუ-ის  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, როგორც ტექნიკური, ასევე, ადამიანური რესურსით, მზად არის „ჭკვიანი ლაბორატორიის“ გახსნისა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან მჭიდრო კოლაბორაციისთვის.

როგორც „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ სპიკერმა, გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტ INM-4-ის დირექტორმა, პროფესორმა ჯონ შამ აღნიშნა, გერმანელ მეცნიერთა საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ვიზუალიზაციის SMART|ლაბორატორიის ამოქმედების ხელშეწყობაა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე SMART|Lab-ის ამოქმედებით, შესაძლებელი გახდება გამოსახულების დამუშავების ტექნიკის დანერგვა, სტუდენტების მომზადება, რაც თავის მხრივ, დიდი მხარდაჭერა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰადრონული თერაპიის ცენტრის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს მძლავრი გამოსახულებების ამოცნობისა და დამუშავების დანადგარები გერმანიაში, რაც ამჟამად, არ გააჩნია საქართველოს. იმედი მაქვს, სამომავლოდ, საქართველოში, ჰადრონული თერაპიის ცენტრის ამუშავების შემდეგ, იქნება ისეთი დანადგარი, რომელიც ამჟამად არ გაგვაჩნია იულიხში. ყოველივე ეს ქმნის ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის თანამშრომლობის მეტად გაღრმავების შესაძლებლობას, კვლევის ახალი შედეგების მიღებასა და მათ ურთიერთგაზიარებას მხარეების ხელთ არსებული დანადგარების გამოყენებით“, - განაცხადა პროფესორმა ჯონ შამ. 

Biomedical Imaging SMART|Lab-ის სამეცნიერო ხელმძღვანელის, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა მკვლევრის, თამარ ხეჩიაშვილის განცხადებით: „საერთაშორისო პროექტის იდეა და კონცეფცია, სხვა მრავალ ნიუანსთან ერთად, ეფუძნება სწორედ საქართველოში დაბრუნებულ წარმატებულ მეცნიერებს, რომლებიც უნივერსიტეტებში, კერძოდ კი SMART|Lab-ში გააგრძელებენ მოღვაწეობას და მხარს დაუჭერენ სტუდენტებს, რათა მათ ახალ კვლევებში მიიღონ მონაწილეობა. SMART|Lab-ის ერთ-ერთი მიზანი ცოდნის ტრანსფერი, ასევე, კლინიკებთან და სხვადასხვა მიმართულების წამყვან სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთად, საუნივერსიტეტო სივრცეში, სტუდენტების ჩართულობით, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაა“.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ ფარგლებში სტუ-ის საკონტაქტო პირის, მიხეილ ჩიხრაძის თქმით: „იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტთა შერჩევაა, რომლებიც იულიხის ცენტრში გაარძელებენ კვლევებს. ამ ეტაპზე შერჩეულია შვიდი სტუდენტი, რომლებსაც გერმანელი მეცნიერები ინდივიდუალურად შეხვდებიან და გასაუბრებას ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ შესარჩევი სტუდენტების რაოდენობა ლიმიტირებული არ არის და გერმანიაში, იულიხის ცენტრის კვლევებში ჩართვა შეუძლია სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამის ნებისმიერ მოტივირებულ სტუდენტს, რომელიც საკონკურსო პირობებს დააკმაყოფილებს“.

Biomedical Imaging SMART|Lab-ი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში აქტუალური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ჯანდაცვის სექტორისა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. 

 

სიახლეებში დაბრუნება