სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა რეგიონების საჯარო სკოლებში შეხვედრები გამართეს
18-07-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის დასრულებამდე 2 თვის მანძილზე, საქართველოს რეგიონებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს და სამიზნე ჯგუფებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შექმნილი ფაკულტეტისა და პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები, ღია კარის დღეების ფორმატში, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს ყაზბეგის, დმანისისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში შეხვდნენ.

აღნიშნულ პერიოდში, სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს შეხვდნენ, ასევე, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, ვენის ბოკუს უნივერსიტეტის (BOKU - University of Natural Resources and Life Sciences, ავსტრია) წარმომადგენლებთან, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ონლაინ ფორმატში განიხილეს.  

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში გამართულმა შეხვედრებმა წარმატებით ჩაიარა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით არაერთი აბიტურიენტი და უფროსკლასელი დაინტერესდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა, ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე მორგებული ოთხი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით არის წარმოდგენილი. ვფიქრობთ, სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამებით ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებისა და უფროსკლასელების მზარდ დაინტერესებას. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ალიბეგაშვილის უშუალო ჩართულობით, შევხვდით წმინდა ილია მართლის სახელობის სტეფანწმინდის გიმნაზიის მოსწავლეებსა და რექტორს, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე იეგუდიელს, ასევე, საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და დირექტორებს. საინტერესო ინტერაქციური შეხვედრები გაიმართა დმანისის პირველი, მესამე და სოფელ განთიადის, ასევე, სამტრედიის მე-6, მე-9 და მე-12 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლებთან, პედკოლექტივებსა და მშობლებთან. სამივე მუნიციპალიტეტში სამიზნე ჯგუფებს გავაცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საგანმნათლებლო-სამეცნიერო სივრცეები, ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, ასევე, ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ იმ უნიკალური საბაკალავრო პროგრამების უპირატესობების შესახებ, რომლებსაც ახალგაზრდები მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე შეისწავლიან. მოზარდებს ვესაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც ჩვენს უნივერსიტეტში, მთის მდგრადი განვითარების კუთხით, უზრუნველყოფს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, მოიცავს ევროპის უნივერსიტეტების მსგავსი პროფილის ფაკულტეტებთან თანამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, იმის გათვალისწინებით, რომ  ფაკულტეტის ოთხივე პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო 100 %-ით აფინანსებს. გარდა ამისა, აბიტურიენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გავაცანით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მზაობა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონის სტუდენტებისთვის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის შესახებ“, - განაცხადა სტუ-ის მთის მდგრადი მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა.  

როგორც ნოე ხოზრევანიძემ აღნიშნა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შეხვედრების დასასრულს, ფაკულტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ და უფროსმა სპეციალისტმა ლალი ახვლედინმა სამ წარჩინებულ მოსწავლეს: სოფელ სიონოს საჯარო სკოლიდან - მარიამ გოგიშვილს, სტეფანწმინდის 1-ლი საჯარო სკოლიდან - ანი ჩიბაშვილსა და მარიამ ავსაჯანიშვილს სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ, მთის დღისადმი მიძღვნილ ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობისა და საუკეთესო მოხსენების წარდგენისთვის სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. რაც შეეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, მათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო პარტნიორობისა და  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მდგრადი განვითარების მიზნით, საპილოტე სასწავლო პროგრამების ერთობლივად განხორციელების ინტერესი გამოხატეს.  ნოე ხოზრევანიძის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმები გაფორმდა.

2022-2023 სასწავლო წლის დასრულებამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერობების დეპარტამენტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ასევე, ვენის ბოკუს უნივერსიტეტის ERASMUS+ ოფისის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით, ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და ხელმძღვანელის მოადგილე კვლევებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ასოცირებული პროფესორი თამარ ქობლიანიძე ბოკუს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ERASMUS+ საერთაშორისო მობილობის ოფისის ადმინისტრაციულ კოორდინატორს, ნატალია შვაიგერს და პროფესორებს - სამოქალაქო ინჟინერიისა და ბუნებრივი საფრთხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელ იოჰანეს ჰუბლსა და მდგრადი ბიოეკონომიკის ცენტრის დირექტორ მარტინ გრეიმელს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ავსტრიელი კოლეგების სამუშაო ვიზიტი დაგეგმეს.  

რეგიონებში შეხვედრების პარალელურად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიწვევით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი აკადემიაში მოხსენებით წარსდგა, სამეცნიერო საბჭოსა და მიწვეულ სტუმრებს ფაკულტეტის დაარსების ისტორია და საგანმანთლებლო პროგრამები გააცნო, ასევე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში ფაკულტეტის უნიკალურობისა და მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმა სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საქმიანობის ადგილზე გაცნობისა და საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო პოტენციალით მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვეს.

სიახლეებში დაბრუნება