კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფ. იოლანტა ბიეგანსკას კვლევითი სტაჟირება სტუ-ს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე

2024 წლის 9-29 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კვლევითი სტაჟირების ფარგლებში სტუმრობდა სტუ-ს პარტნიორი კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) ენერგეტიკისა და საწვავის ფაკულტეტის პროფესორი იოლანტა ბიეგანსკა (Jolanta Biegańska).

კვლევითი სტაჟირება სტუ-ს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ითვალისწინებდა ფეთქებადი ნივთიერებების საშუალებით პესტიციდების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარებას და ამასთან დაკავშირებით, გამოცდილების გაზიარებას.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სტუ-ს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც პოლონელმა მეცნიერმა ქართველ კოლეგებს წარმოუდგინა პრეზენტაციები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები, პესტიციდების გაუვნებელყოფა დაბალტემპერატურულ პლაზმურ რეაქტორში, ფეთქებადი ნივთიერებების შერჩევის მეთოდიკა პესტიციდების განეიტრალების მიზნით, გლივიცეს ფერადი მეტალების ლუკასევიჩის ინსტიტუტში თერმული პლაზმის გაწყობის საკითხები პესტიციდების გასანეიტრალებლად.  

კვლევითი სტაჟირების პერიოდში, ასევე, გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, სადაც პროფ. ბიეგანსკა შეხვდა დეპარტამენტის უფროსს, პროფ. დევი ხვედელიანს და დეპარტამენტის თანამშრომლებს.



საგულისხმოა, რომ ქალბატონი იოლანტა მანამდე, სწავლების მიზნით სტუმრობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 2023 წლის ივნისში, უნივერსიტეტებს შორის არსებული Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული მობილობა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა და საფუძველი ჩაეყარა ქართველი და პოლონელი კოლეგების სამეცნიერო თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით გრძელდება.

სამუშაო ვიზიტის განმავლობაში პოლონელ სტუმარს საშუალება ჰქონდა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი სოციალურ-კულტურული აქტივობების ფარგლებში უფრო ახლოს გასცნობოდა საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, დაეგემოვნებინა ქართული ტრადიციული სამზარეულო.












25/03/2024

სიახლეებში დაბრუნება